Sunday, January 15, 2017

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი, ანუ სითბოს უანგარო გამომცემი

ამ პოსტში მინდა მოგიყვეთ ერთი პატარა ისტორია, რომელსაც  პირადად შევესწარი. 

მოკლედ, ეს იყო რამდენიმე თვის წინ. დილით ადრე როდესაც სამსახურში მივდიოდი გაჩერებაზე ცოტა დიდხანს მომიწია ყოფნა, დაახლოებით 12-13 წუთი და ეს დრო სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ შევსწრებოდი ამბავს, რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და დიდი ემოცია დამიტოვა.
ეს ამბავი ასეთია: დედას შეზღუდული შესაძლებობების მქონე შვილი მოჰყავდა ხელით. ბავშვს გადაადგილება შეეძლო, ოღონდ გაჭირვებით და სწორედ ამის გამო, დედას ყოველი შემთხვევისთვის ხელი ეკიდა, რომ არ წაქცეულიყო. ამაზე დიდი ყურადღება არ გამიმახვილებია, მაგრამ ჩემი ყურადღება მიიქცია უეცარმა ხმამ. ეს ხმა თითქოს ღმუილს, კვნენსას, ან რაიმე მსგავსი დიდი ემოციის გამოხატვას წააგავდა. გვერდზე გავიხედე და დავინახე თუ როგორ აღფრთოფანებული სახე ჰქონდა ამ ბიჭს. მან ნაცნობი ქალბატონი დაინახა და ეს ხმაც სწორედ მის დანახვაზე გამოსცა, შემდეგ შეძლებისდაგვარად სწრაფად გაიწია ამ ქალბატონისკენ და ჩაეხუტა. ეს სურათი ძალიან ემოციური იყო ჩემთვის და ახლაც თვალებიდან არ გამომდის. საინტერესო ის არის, რომ ზუსტად ანალოგიურ  სურათს, ზუსტად ამავე ბიჭის და ამავე ქალბატონის მონაწილეობით რამდენიმე დღის შემდეგაც წავაწყდი, ზუსტად იმავე ადგილას. მეორე შეხვედრისას კი პატარა ბიჭი ნაცნობ ქალბატონს სთხოვდა მასთან სახლში წასვლას და ხელზე ეფერებოდა. ამ დროს კი საბოლოოდ დავწრწმუნდი, რომ შეზღუდული შესაძლებლობები მხოლოდ გარეგნული განსხვავებაა და სულიერად და ემოციურად ეს ადამიანები ბევრ ჩვენგანზე მაღლა დგანან. მათ არ იციან რა არის ბოღმა. ისინი განზრახ და ეჭვი მაქვს არც უნებლიედ, გულს არ ატკენენ არავის, მეტიც, ცდილობენ თავისი სითბო გამოხატონ სხვა ადამიანების მიმართ და ამის მოწმე პირადად გავხდი. ამაში კიდევ მარწმუნებს რამდენიმე წლის წინ ავტობუსში გადამხდარი ისტორია. მაშინ შეზღუდული შესაძლებლობები მქონე გოგონა მგზავრობდა დედასთან ერთად და ეს პატარა გოგო გვერდზე მომიჯდა, მე ყურსასმენი მეკეთა და მუსიკას ვუსმენდი, რამდენიმე წუთში კი ვიგრძენი, რომ ვიღაც მუხლზე ხელს მისვამდა და ძალიან დიდ სითბოს გამოხატავდა. საინტერესო კი ის იყო, რომ ჩემი გაღიმების შემდეგ, ამ გოგონამ თითქოს უფრო ენერგიულად დაიწყო თავისი ეს სითბოს გამოხატვა.


მეგობრებო, ეს ადამიანები ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და მათ ძალიან დიდი სიყვარული შეუძლიათ. ისინი ამ სითბოს უანგაროდ გამოხატავენ საზოგადოების მიმართ. 

Sunday, January 8, 2017

რატომ ჩავაბარე Computer Science-ზე და არა იურიდიულზე

თავიდან დავიწყებ იმით, რომ საქართველოში აბიტურიენტების საკმაოდ დიდი ნაწილი სტერეოტიპის მსხვერპლი ხდება, ყოველ შემთხვევაში როდესაც მე აბიტურიენტი ვიყავი, ასე იყო (2011 წელს). მომავალი სტუდენტების საკმაო რაოდენობა პროფესიად ირჩევს იმას, რაც მის მშობლებს და ოჯახს უნდა. საბედნიეროდ, მე ამ სტერეოტიპისგან თავისუფალი ვიყავი და მთლიანად მინდობილი ვიყავი საკუთარ არჩევანზე. იმ კონკრეტულ შემთხვევაში ორს შორის უნდა გამეკეთებინა არჩევანი: კომპიუტერული მეცნიერებები თუ სამართალი.


დავიწყებ იქიდან, რომ პირველი კლასიდან და შეიძლება უფრო პატარა ასაკიდანაც ძალიან მიყვარდა მათემატიკა და ძალიან არ მიყვარდა წიგნების კითხვა, თუმცა სკოლაში საკმაოდ კარგი და მაღალი აკადემიური მოსწრება მქონდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ რაღაც საგნები არ მიზიდავდა, ვალდებულებას ყოველთვის ვგრძნობდი. შესადარებლად, მერჩივნა 2-3 საათი მათემატიკის ტვინის საჭყლეტი ამოცანები მეკეთებინა ვიდრე ნახევარი საათი, ან ერთი საათი წიგნი წამეკითხა. ხოდა ჩემთვისაც დადგა ის დრო, როცა არჩევანი უნდა გამეკეთებინა. ერთი რამ ცხადი იყო, მეოთხე საგნად მათემატიკა უნდა ჩამებარებინა ეროვნულ გამოცდებზე და მაშინ 2011-ში, თსუ-ს სამართლის ფაკულტეტზე მათემატიკით მოხვედრა შესაძლებელი იყო. მეორე მხრივ, არ მინდოდა ეკონომიური, არც მათემატიკური, ამიტომ გადავწყვიტე თანამედროვეობის და ზოგადად მომავლის პროფესია ამერჩია: კომპიუტერული მეცნიერებები.

ახლანდელი გადმოსახედიდან სიტუაცია ასეთია.  სამართალზე რომ ჩამებარებინა, ვიაზრებდი რომ ძალიან ბევრი უნდა მეკითხა როგორც უნივერსიტეტის საგნები ასევე კლასგარეშე ლიტერატურაც, ან უნდა დავმსგავსებოდი სტუდენტთა იმ ნაწილს, რომელიც გამოცდის წინა ღამეს ათენებს და ისე აბარებს გამოცდებს, თუნდაც ძალიან მაღალ დონეზე. თუმცა ამ კუთხით არც კომპ. მეცნიერებები იყო გამონაკლისი, მაგრამ განსხვავება ის იყო ამ მიმართულებით პრაქტიკული საქმის კეთება იყო საჭირო და როცა შედეგს მაშინვე დაინახავდი. მთავარი განსხვავებაც ეს არის, რომ როცა რაიმე Soft-ს წერ, შედეგის დანახვა მაშინვე შეგიძლია და ეს გარკვეულ წილად სტიმულს გმატებს.


ცხადია, რომ ორივე მიმართულება და სპეციალობა მოითხოვს ბევრ მუშაობას საკუთარ თავზე და ორივეს სჭირდება ლოგიკური თუ ანალიტიკური აზროვნება. დღევანდელი გადმოსახედიდან რომ შევაფასო, თავის დროზე აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როცა არჩევანი კომპ. მეცნიერებებზე შევაჩერე, სწორედ იმ ფუნდამენტური განსხვავების გამო, რაც ზემოთ ვახსენე.