დღეს, კრაკოვის
დროით ჯერ კიდევ ოთხშაბათია, 2017 წლის 21 ივნისი. გუშინ ზუსტად 1 თვე გავიდა მას შემდეგ
რაც კრაკოვში სრულიად მარტო ვცხოვრობ. არ დავიწყებ იმის მოყოლას თუ როგორ მოვხვდი აქ.
1 ივნისს დავიწყე ახალი სამსახური და აგერ უკვე 21-ე დღე დასრულდა რაც აქ ვარ. 20 მაისიდან
1 ივნისამდე პერიოდი ბინის ძებნას და ბიუროკრატიის მოგვარებასთან ერთად, ქალაქის დათვალიერებას
და კარგად გაცნობას მოვანდობე. ძალიან კარგი პერიოდი იყო და ნაყოფიერი. ახალი სამსახურის
დაწყებასთან ერთად, გაჩნდა ახალი „თავის ტკივილები“, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით.
პირველი 2 კვირა დავალებები არ მქონია და დრო ნელა გადიოდა. ბოლო 2 დღეა პატარა დავალება
მომცეს. დავალება, რომელიც განსაკუთრებულ ნიჭს და უნარს არ მოითხოვს. უფრო დიდ ყურადღებას
მოითხოვდა და მეც რამდენიმეჯერ გადავამოწმე და ისე გავაკეთე. თუმცა ახალ, მომავალ საქმესთან
გაცნობასთან ერთად გამოჩნდა, რომ სასწავლი და დასახვეწი ბევრი რამე მაქვს. რაც არ უნდა
ბანალურად ჟღერდეს, ამისთვის დრო ცოტაა. დიახ, არ მეშლება. დრო ცოტაა, ძალიან ცოტა.
დღეს დავფიქრდი გარკვეულ გლობალურ და გრძელვადიან გეგმებზე, რომლისთვისაც აუცილებელია
დროის კარგად გადანაწილება. უკვე ძალიან დიდიხანია Daily Scheduling-ს ვიყენებ, და
ასევე ყოველწლიურად 10 მნიშვნელოვან გეგმას ვისახავ ხოლმე. თუმცა მათ გადაფასება რამდენიმეჯერ
მიწევს ხოლმე წლის განმავლობაში. რაც შეეხება ჩემს ახალ თანამშრომლებს და ახალ გუნდს,
მათი ძალიან მადლობელი ვარ. ისინი პირველივე წუთებიდან გამოირჩეოდნენ მეგობრული დამოკიდებულებით
და შეიძლება ითქვას, რომ მათ მომცეს შანსი, ჩემი დიდი ხნის ნატვრა, სამოყვარულო ფეხბურთში
დაბრუნება, ამესრულებინა. ჩვენი კომპანიის გუნდი, პოლონეთს ბიზნეს ლიგას თამაშობს და
რომ ვთხოვე მეც მინდა თამაში მეთქი, ყოველგვარი გასინჯვის გარეშე, დაუშვეს გამონაკლისი
და მეორე დღესვე თამაში მათამაშეს. ახლა უკვე, ძირითადის მოთამაშედ მოვიაზრები. დიახ,
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სწორედ ეს ხალხი მიდგას გვერდზე და არა მარტო მე, ყველა
ახალს, რომ თავი მარტოდ არ ვიგრძნოთ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ისინი ზოგიერთ, თუ
უმრავლესობა ქართველ „მეგობრებზე“ ყურადღებიანები არიან. ახლა უკვე დროა, ავუწყო ფეხი
სწრაფ განვითარებას და სპორტულ და ჯანსაღ ცხოვრების სტილთან ერთად, კარიერულ წინსვლაზე
და პერსონალურ განვითარებაზე ვიფიქრო, რომლისთვისაც დრო ძალიან ცოტა გვაქვს ყველას,
როგორც უკვე აღვნიშნე. დიახ, ეს ქვეყანა ძალიან მომწონდა, მაგრამ როცა პირადად გამოვცადე
აქ ცხოვრება, უფრო მომწონს და მიყვარს თავისი ხალხით და თავისი ღირებულებებით.