Sunday, May 23, 2021

როგორ ვიყოთ მეტად ეფექტურები დისტანციურად მუშაობის დროს

 უკვე ერთ წელზე მეტია რაც პანდემია დაიწყო და უმეტესობა ჩვენგანი, თუ ყველა არა, იძულებული გახდა გადასულიყო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. ტექნოლოგიური პრობლემები რომ გვერდზე გადავდოთ, სხვა პრობლემებმაც იჩინა თავი. ერთ-ერთი პრობლემა არის ეფექტურობა. ამ პოსტში გაგიზიარებთ ჩემს შეხედულებას და იდეებს, როგორ შეიძლება გავხდეთ უფრო ეფექტურები, როცა სახლიდან გვიწევს მუშაობა. ცხადია, რომ ეს ყველასთვის შეიძლება არ მუშაობდეს, რადგან თითოეული ჩვენგანი დამოუკიდებელი ინდივიდია. ახლა კი დავუბრუნდეთ იმ ეტაპებს, რომელსაც პირადად ვიყენებ ან მიცდია:





  1. დილით სირბილი და მსუბუქი ვარჯიში


დილით მსუბუქი, გამაჯანსაღებელი ვარჯიში არა თუ პანდემიის, არამედ ჩვეულებრივ პირობებშიც  ძალიან კარგია. ამ დროს ჩვენი ორგანიზმი იღვიძებს, ფხიზლდება და უკვე მზად არის უფრო ადვილად გაუმკლავდეს ყოველდღიურ რუტინას. თუნდაც 15 წუთი ძუნძული ან სწრაფი სიარულიც, შეიძლება ეფექტურობის გაზრდის წინაპირობა იყოს. თუ იმის საშუალება გაქვთ რომ პარკში ირბინოთ, ეს ორგანიზმის გამოღვიძებასთან ერთად სუფთა ჰაერის მიღებაცაა.




  1. სამუშაო კუთხის მოწყობა


ეცადეთ საკუთარ გემოზე მოიწყოთ სამუშაო კუთხე. ანუ გქონდეთ მუდმივი სამუშაო კუთხე და არ გიწევდეთ სხვადასხვა დღეს სხვადასხვა ადგილის დაკავება. მოაწყეთ სამუშაო კუთხე ისე, რომ შეგექმნათ ოფისის ატმოსფერო. გქონდეთ ყველა საჭირო ნივთი (საწერი კალამი, ფურცლები ჩანაწერებისთვის, რვეული და ა.შ.) იმავე მაგიდაზე, ანუ არ მოგიწიოთ აქეთ-იქით სირბილი და გამოიყენეთ ეს სივრცე მხოლოდ სამუშაო გარემოსთვის, რათა მოხდეს სამუშაო სივრცისა და პირადი სივრცის გამიჯვნა. ამით მცირედით მაინც შეიმცირებთ იმის განცდას, რომ სახლიდან მუშაობთ.




  1. ჩაიცვით ისე, როგორც ჩაიცმევდით ოფისში 


ერთი შეხედვით ეს შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩაცმულობაც გარკვეულწილად სამუშაო ატმოსფეროს ქმნის. ხოლო, როცა სამუშაო საათებს მორჩებით, აუცილებლად გამოიცვალეთ და მოირგეთ ყოველდღიური სახლის ტანსაცმელი. ისევე როგორც სამუშაო კუთხის შემთხვევაში, მოახერხეთ გამიჯნოთ სამუშაო და სახლის ტანსაცმელი. ამით თქვენ მოახერხებთ გამიჯნოთ სამუშაო და პირადი ცხოვრების სივრცეები და გარემო.


  1. ჩართეთ კამერები ონლაინ შეხვედრის დროს


უმრავლესობა ჩვენგანს ყოველდღიურად მინიმუმ ერთი შეხვედრა მაინც აქვს. კამერის ჩართვა დაგვეხმარება იმაში, რომ მეტად ორიენტირებული ვიყოთ შეხვედრაზე და მის შინაარსზე, რაგან როცა კამერა გამორთული გვაქვს, შეიძლება სულმა წაგვძლიოს და ჩვენი სმარტფონისკენ ან სხვა მოწყობილობისკენ ან სულაც სხვა საქმისკენ გაგვექცეს ხელი, რაც ყურადღებას გაგვიფანტავს და ჩვენი შეხვედრაზე დასწრება მხოლოდ ფორმალობა იქნება, რაც საქმისთვის დაბალ ეფექტს მოიტანს. 



ალბათ, ზემოთ ჩამოთვლილს რჩევებს კიდევ შეიძლება დაემატოს რამე, მაგრამ ესენი იყო ის ძირითადი პუნქტები, რაც საკუთარ თავს შევატყე და საკუთარ მაგალითზე ჩამოვაყალიბე. როგორც უკვე აღვნიშნე, ცხადია, ეს ყველას არ დაეხმაროს, მაგრამ იმედი მაქვს, ვიღაცას მაინც გამოადგება.





No comments:

Post a Comment